Thursday, January 10, 2013

ალკოჰოლი: ის, რაც არ იცით ლუდის შესახებ


მოგესალმებით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ იანვრის დღესასწაულებს! 

მოდით,  ვისაუბროთ ალკოჰოლზე! ერთი შეხედვით ბანალურად ჟღერს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ღირს დავძლიოთ სიზარმაცე და გამოვნახოთ 10–იოდ წუთი პოსტის წასაკითხად.  თუკი პირადად თქვენთვის ეს ინფორმაცია კარგად ნაცნობია, ყოველთვის შეგიძლიათ  პოსტის ბმული გაუგზავნოთ მათ, ვისაც ის უფრო მეტად გამოადგება.

თითოეულ ჩვენგანს სმენია და წაუკითხავს ადამიანის ორგანიზმზე  ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა დეტალები შესაძლოა იმაზე მოულოდნელი აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანი არასდროს დაფიქრებულა, თუ რა სოციალურ და ფსიქოლოგიურ როლს თამაშობს ალკოჰოლი ჩვენს ცხოვრებაში, რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის ორგანიზმის ცალკეულ  სისტემაზე და ორგანოზე, რა საფრთხეებს გვიქმნის იგი და სად არის სინამდვილეში ალკოჰოლის მოხმარების ოქროს შუალედი.

ვფიქრობ, მართებული იქნება თავიდან ზოგადად მიმოვიხილოთ ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, მის ფსიქიკაზე და სოციალურ ცხოვრებაზე, შემდეგ კი ცალ–ცალკე  განვიხილოთ კონკრეტული ალკოჰოლური სასმელები (მაგალითად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ დიდი ოდენობით ლუდი  მამაკაცებში ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს,  საფრთხეს უქმნის პროსტატის ჯირკვალს და შესაძლოა იმპოტენციის მიზეზიც გახდეს).

ალკოჰოლი საზოგადოების სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დაწყებული ტრადიციული სუფრებითა და ოჯახური დღესასწაულებით, დამთავრებული  კლუბებითა და ბარებით,  ალკოჰოლი ჩვენი განუყრელი მეგობარი და დამხმარეა.  იგი  ხსნის სტრესსა და დაძაბულობას, გვმატებს გამბედაობას და თავდაჯერებულობას, ეს კი დამატებით უპირატესობას გვანიჭებს როგორც ოჯახურ სადილებზე და  სამეგობრო წრეში, ასევე სასიყვარულო და  სექსუალურ ურთიერთობებში.

სოციოლოგების დასკვნით, ნასვამ მდგომარეობაში ადამიანები უფრო მიმზიდველად აღიქვამდენ საკუთარ თავს, ეს ეფექტი კი  ხმამაღლა პასუხობს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფსიქოლოგიურ პრობლემას – არასრულფასოვნების კომპლექსს.

ამგვარი მიმზიდველი ეფექტების წყალობითა და ალკოჰოლის მავნე სოციალური და ფიზიოლოგიური გავლენის არცოდნის ფონზე უამრავი ადამიანი მოიხმარს ალკოჰოლის გადაჭარბებულ რაოდენობას, რითაც მისი მავნე და ხშირად დამღუპველი ზემოქმედების ქვეშ ექცევა. განსაკუთრებით თვალში საცემი და საგანგაშოა მოზარდებისა და ახალგაზრდების მხრიდან ალკოჰოლის უკონტროლო მოხმარება, რაც უმეტეს შემთხვევაში  პირდაპირ უკავშირდება მათ მიერ შესაბამისი ინფორმაციის არქონას და საკითხში მათი გათვითცნობიერებულობის დაბალ ხარისხს.

მაშ ასე, რა არის ალკოჰოლი და რა გავლენას ახდენს იგი ჩვენს ორგანიზმზე და ცხოვრებაზე?

ალკოჰოლი, იგივე ეთილის სპირტი (ეთანოლი)(ქიმიური ფორმულა: C2H5OH)  წარმოადგენს უფერო სითხეს სპეციფიური სუნით და გემოთი. სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი მას სხვადასხვა ოდენობით შეიცავს და შესაბამისად, კონცენტრაციისა და სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციის გამო მეტნაკლებად განსხავევებულად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

მიუხედავად ერთი შეხედვით მატონიზირებელი ეფექტისა, ალკოჰოლი დეპრესანტია და დამთრგუნველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს  ანესთეზია, კომა, სუნთქვის შეჩერება და სიკვდილიც კი.  

ალკოჰოლის მოქმედების სქემა შემდეგნაირია:
ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანის მიერ.   (დაახლოებით 20% კუჭის, დაახლოებით 80% კი წვრილი ნაწლავის მიერ შეიწოვება). მშიერ კუჭზე ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, სისხლში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 30–60 წუთის შემდეგ დგება. ჭამის შემდეგ ალკოჰოლის მიღებისას  კონცენტრაცია უფრო ნელა იზრდება და მაქსიმუმს 1,5 – 2 საათის შემდეგ აღწევს. ამასთანავე, მიღებული ალკოჰოლის 30%–მდე იკვრება საკვებთან და არ გადადის სისხლის ნაკადში. მიღებული ეთანოლის ყველაზე დიდი ნაწილი ტვინსა და ღვიძლში კონცენტრირდება, მცირე ნაწილი  დანარჩენ ორგანოებში (თირკმელები, ფილტვები, კუნთები და ა.შ.).

მიღებული ალკოჰოლის 90–95 % იჟანგება და მისი მხოლოდ მცირე ნაწილი გამოდის ორგანიზმიდან  შარდთან და ფილტვების  მიერ ამონასუნთქ ჰაერთად ერთად.

ალკოჰოლის დაშლის პროცესი  ღვიძლში იწყება. ფერმენტი ალკოჰოლდეჰიდროგენაზა ალკოჰოლს აცეტალდეჰიდად აქცევს, რის შემდეგაც აცეტალდეჰიდი ყველა ორგანოსა და ქსოვილს მიეწოდება და უკვე იქ განაგრძობს ქიმიურ გარდაქმნას. (აცელტალდეჰიდის ჭარბ ოდენობას უკავშირდება ე.წ. ნაბახუსევის სინდრომი). ფერმენტ  აცეტალდეჰიდდეჰიდროგენაზის გავლენით იგი წარმოქმნის თავისუფალ აცეტატს და აცეტოლკოენზიმ A-ს. ეს ნაერთები კრებსის ციკლში (ლიმონმჟავის ციკლი) ერთვებიან და გარკვეული სტადიების შედეგად იშლებიან წყლად (H2O) და ნახშირბადის დიოქსიდად (CO2).

დასაწყისში, ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის შეწოვის ეტაპზე, როდესაც ტვინში ალკოჰოლის შემადგენლობა ნაკლებია სისხლთან შედარებით, ადამიანი ეიფორიასა და ამაღლებულ განწყობას განიცდის. მოგვიანებით, როდესაც ალკოჰოლის შემადგენლობა ტვინში მაქსიმუმს აღწევს, სისხლში კი იკლებს, ვლინდება მისი დამთრგუნველი,  დამამუხრუჭებელი გავლენა.

ალკოჰოლის დაშლაზე ღვიძლის  ჟანგვითი შესაძლებლობების 75 %–მდე იხარჯება, რაც თავისთავად ამცირებს ორგანიზმში ნორმალური მჟანგავ–აღდგენითი რეაქციების მიმდინარეობას, ირღვევა ბიოქიმიური რეაქციების პროცესი. ამგვარად ალკოჰოლი უხეშად არღვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პრაქტიკულად ყველა მხარეს.

ალკოჰოლი დამთრგუნველ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ქრონიკული მოხმარებისას კი გავლენის ქვეშ ექცევა ღვიძლი, გულის კუნთი,  სისხლწარმომქმნელი სისტემა, კუჭ–ნაწლავის ტრაქტი, შარდ–სასქესო სისტემა, ორგანიზმის მეტაბოლური პროცესები.

ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ალკოჰოლზე პათოლოგიურ დამოკიდებულებას – ალკოჰოლიზმს იწვევს, რაც უკიდურესად მძიმედ აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ხშირად ხდება ოჯახის ნგრევის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობების გაფუჭებისა და გაწყვეტის მიზეზი. ალკოჰოლის ხშირი მოხმარების შედეგად ადამიანს ეცვლება ხასიათი – იგი აგრესიული ხდება. ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლიზმით დაავადებულებს გარკვეულ ეტაპზე მხოლოდ ე.წ. "ბოთლის მეგობრები"  რჩებათ.  ადამიანის მიერ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას მწვავედ განიცდიან ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები.

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახის დამოკიდებულება, ალკოჰოლიზმიც დაკავშირებულია ფულად დანახარჯებთან, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის პიროვნებას და მის ოჯახს.  

სამწუხაროდ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა ვფიქრობ, ისედაც ზედმეტი თეორია გამოგვივიდა და დროა კონკრეტულ ალკოჰოლურ სასმელებზე გადავიდეთ.

მოდით, საუბარი ლუდით დავიწყოთ. 

ლუდი წარმოადგენს მცირეალკოჰოლიან სასმელს.  მის ძირითად კომპონენტებს შეადგენენ  ქერი, წყალი, სვია და საფუარი (სვია წარმოადგენს კანაფისებრთა ოჯახის მრავალწლიან მცენარეს).

გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად ითვლება, რომ ალკოჰოლის ნაკლები შემცველობის გამო ლუდი სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე ნაკლებად ახდენს მავნე გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. შედეგად ადამიანები თამამად მიირთმევენ ლუდის არცთუ მცირე ულუფებს (განსაკუთრებით ზაფხულში) და აზრადაც არ მოსდით, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ლუდის ჭარბ მოხმარებას.

მაშ ასე, დავიწყოთ!

როგორც აღმოჩნდა, ლუდის შემადგენლობაში შემავალი სვია შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ფიტოესტროგენების კლასს მიეკუთვნება.  მოგეხსენებათ – ესტროგენი ქალის ჰორმონია.  შესაბამისად ლუდის ჭარბი მოხმარებისას მამაკაცის ორგანიზმში მცირდება მამაკაცის ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავება და იზრდება ქალის ჰორმონის – ესტროგენის წარმოქმნა, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსისა და იმპოტენციის მიზეზი გახდეს. ესტროგენის ჭარბი გამომუშავებისას მამაკაცებს უფართოვდებათ თეძოები, ეზრდებათ ცხიმოვანი საფარი თეძოებზე, უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები.

მუდმივი მოხმარებისას ჩნდება პროსტატის ჯირკვლის პრობლემები.

გარდა ამისა, ლუდი უარყოფითად მოქმედებს გულზე, იზრდება ინფარქტის რისკი. ექიმები ამას "ლუდის გულს" ეძახიან.

ლუდის ჭარბი რაოდენობა არც ქალბატონებზე მოქმედებს დადებითად. ქალის ორგანიზმი ისედაც გამოიმუშავებს საკმარის ესტროგენს, დამატებითი ფიტოესტროგენი კი შესაძლოა აქაც ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი გახდეს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლუდის მოხმარებით გამოწვეული ალკოჰოლიზმიც შორიახლოს არის ჩასაფრებული და როგორც წესი შეუმჩნევლად ეპარება ლუდის უღალატო მომხმარებელს.

უსიამოვნო ინფორმაცია გამოვიდა, თუმცა ზემოთ აღწერილი  ფაქტები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარი  ვთქვათ შიგადაშიგ  1–2 კათხა ლუდზე ან არ დავაგემოვნოთ გემრიელი ლუდი  Octoberfest-ზე.   

გამოსავალი აქაც ზომიერებაშია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!
  

Wednesday, December 19, 2012


ძვირფასო მეგობრებო,

მე არ ვარ ექიმი, არ მაქვს სამედიცინო განათლება,  თუმცა, არ ვიცი, ოჯახის გავლენით თუ რაიმე სხვა გარემოებების გამო, მედიცინა და ჯანსაღი ცხოვრების წესი  ჩემთვის უბრალო ჰობიზე მეტია.

ვინც კარგად მიცნობთ, თამამად შეგიძლიათ ჯანსაღი ცხოვრების წესების დიდი უმრავლესობის დაუცველობაში მამხილოთ :)) ისევე, როგორც ქართველების უმრავლესობას, მეც უამრავი მავნე ჩვევა მაქვს, მაგრამ ოდესღაც ყველანი ვხვდებით, რომ ჯანმრთელობა უმთავრესია და ვცდილობთ გამოვნახოთ დრო, მოტივაცია და სახსრები თავის მოსავლელად.

ხშირად მიფიქრია, ჟღერს თუ არა ჩემი მოკრძალებული რჩევები დამაჯერებლად მაშინ, როცა მე თვითონ იგივე პრობლემები მაქვს და არაფერს ვაკეთებ მათ გამოსასწორებლად. 
"ამ თემაზე დისერტაციას დაწერ, იმდენი იცი, შენთვის კი ვერ იყენებ" – ხშირად მსაყვედურობს დედა ჩემი შესაძლებლობების აშკარა გაზვიადებით :))

ბოლოსდაბოლოს მეგობრების დაჟინებული თხოვნით, საკუთარ თავთან დიალოგითა და ერთი არაჩვეულებრივი ექიმის დაძალებით  მეც დავიწყე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმწამსვე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე დავიწყე ფიქრი.  მერე მივხვდი, რომ უამრავ ადამიანს არ აქვს მისთვის სათანადო ინფორმაციის მიღების ფიზიკური თუ მატერიალური შესაძლებლობა. ზოგი ვერ ახერხებს ინფორმაციის მისაღებად კონსულტაციის ღირებულების პერიოდულად გადახდას, ზოგიერთს არ აქვს სათანადო უნარ–ჩვევები, რათა თვითონ მოიძიოს მარტივი რეკომენდაციები, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან დაბალია ორსულობისას,  ქრონიკული დაავადებების დროს, სტრესის ფონზე და ა.შ. განსაკუთრებული  რეჟიმის დაცვის კულტურა.  რამდენი ორსული ვარჯიშობს საქართველოში?  რამდენ ჩვენგანს უფიქრია, რომ გამოცდების პერიოდში სხვანაირად უნდა იკვებოს? რამდენმა ჩვენგანმა იცის, რომ  საქართველოში ასე მოდური დაბალკალორიული დიეტები უამრავ პრობლემას აჩენს?

მერე ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ვესაუბრე ჩემი პირადი "მრჩეველთა საბჭოდან" :)) .
"არ გვაქვს უფლება არ გავუზიაროთ ირგვლივ ადამიანებს ჩვენს მიერ დაგროვილი გამოცდილება, ეს ჩვენი ვალდებულებაა" – მითხრა მან და საბოლოდ დამარწმუნა დამეწყო ბლოგის წერა ჯანსაღ ცხოვრებაზე.

ჩემი ბლოგი არავითარ შემთხვევაში არ უწევს რეკომენდაციას და არ წაახალისებს თვითმკურნალობას. თვითმკურნალობა სახიფათოა და შეიძლება გართულებამდე ან რიგ შემთხვევებში ლეტალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს! 

ბლოგის ამოცანაა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.  
მნიშვნელოვანია გამომეხმაუროთ და მომწეროთ, რა თემები უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა თქვენთვის.  აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

მეც თქვენთან ერთად ვიწყებ (ან ვაგრძელებ, რადგან უკვე დავიწყე)  სვლას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისკენ, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისკენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორც ტაძარზე. ვიზრუნოთ, რადგან ჩვენი საკუთარი ჯანმრთელობის უგულებელყოფაც ზუსტად ისეთივე დანაშაულია, როგორც სხვისი ჯანმრთელობის ხელყოფა.  ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ვიცხოვროთ, გვიყვარდეს,  შევქმნათ, ვემსახუროთ,  რათა ჯანმრთელი გენი გადავცეთ მომავალ თაობას და დიდხანს ვყავდეთ მათ, ვისაც ჩვენი ზრუნვა სჭირდება.